logo
ENG



ლელო ბელარუსიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევას ითხოვს

28 სექ 202219:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/ba2lbr7hde0xcgu.jpg

ლელო ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთსი ვიზიტის გამო ბელარუსიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევას ითხოვს. 

გარდა ამისა, პარტიას მიაჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, ხელისუფლებამ კი დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ლელოს განცხადება:

"28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფაა.

აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს, საფრთხე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყონებლივ და სწრაფ რეაგირებას.

1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.

4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.

5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში".

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.


close დახურვა