logo
ENG



ლელო ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

22 აპრ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამაზე ლელოს ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

სამუშია ამბობს, რომ ამ ინიციატივას ევროპარლამენტარების მხრიდან დაინტერესება მოყვა. 

"ლელოს ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან ვიზიტით, მათ ჰქონდათ და აქვთ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა. მათ აქტიურად დააყენეს ნიკა მელიას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივია ვეძებთ გამოსავლის გზებს. ვიცით, რომ ხელისუფლებას მძევლად ჰყავს ნიკა მელია აყვანილი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ლიდერების ინიციატივას, რომ პირად თავდებობაში დაუდგნენ ნიკა მელიას, ძალიან დიდი ინტერესი მოყვა. თუ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა და გირაო, ასევე არის პირადი თავდებობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტერესი არის, რომ ევროპარლამენტარები ნიკა მელიას პირად თავდებობაში დაუდგენენ და ასე მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება", - ამბობს სამუშია. 

ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

"ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ლელო მზადააა შეუერთდეს ევროპარლამენატრების თავდებობას.

"ლელოს ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.
იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება", - წერს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გუშინ, 21 აპრილს გაემგზავრნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 


close დახურვა