logo
ENG



ლელო ითხოვს, ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს

04 აპრ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/fh95qwtd82kh98c.jpg

ლელო ითხოვს, ბუჩის ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს.

პარტიას მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად ომის დანაშაულია. შესაბამისად, რუსეთის ქმედება გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად.

ლელო აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაიწყოს ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის საერთაშორისო გამოძიების პროცესი.

შესაბამისად, ლელო საქართველოსთვის მოითხოვს:

  • "5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით.
  • ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებებისათვის, მათ შორის გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.
  • გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს სათანადო პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ თავისი ღირსეული წვლილი უნდა შეიტანოს". - აცხადებს პარტია. 


close დახურვა