ლელო საქართველოსთვის მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დაუყონებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე.
პარტია გმობს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის (გაეროს დამფუძნებელი აქტის, ჰელსინკის აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის) და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა.
"რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.
იმედს გამოვთქვავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით", - ნათქვამია განცხადებაში.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
21 თებერვალსვე, პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.