logo
ENG



ლელო ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს

10 სექ 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/xa8kj02899pro95.jpg

ლელოს წევრი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს, რადგან მისი თქმით, ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

ასე აფასებს ის TV პირველის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

"გუშინ ვიხილეთ უკვე დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილისამებრ, საკუთარი ინტერესებისამებრ გამოყენება - ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან.

და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირ მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, პირველწყარო, რომელმაც ფრენა განახორციელა და ა.შ. უნდა დაწყებულიყო გამოძიება და პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, გავრცელებული უნდა იყოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა არათუ გამოძიებას არ იწყებს, არავითარ წინა საგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს და კანონს არღვევს.

ლელომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით - აღნიშნულს ითვალისწინებს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ", - ამბობს სამუშია.

როგორც გუშინ გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.

ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

***

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.


close დახურვა