„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო კაბინაში აიკრძალოს მობილური ტელეფონის გამოყენება.
როგორც პარტიის წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მობილური ტელეფონის გამოყენება საარჩევნო კაბინაში, არჩევნების ფარულობის პრინციპის დარღვევაა.
„იმ დიდი გამარჯვების მიუხედავად, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან ერთად მოვიპოვეთ, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარება. ამიტომ, „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომ ამომრჩეველზე არასათანადო ზეგავლენის შესამცირებლად, არჩევნების დღეს, საარჩევნო კაბინაში აიკრძალოს მობილურით და სხვა ხელსაწყოებით გადაღება. სხვადასხვა ინსტრუმენტი გვინახავს, რომელსაც ხელისუფლება იყენებს - ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, კრიმინალური ელემენტების მობილიზება. ზუსტად ამ მანკიერ პრაქტიკას შორის არის მობილური ტელეფონის გამოყენება. იმისთვის, რომ საარჩევნო ბიულეტენს გადაუღონ ფოტო და დაარღვიონ არჩევნების ფარულობის პრინციპი“ - განაცხადა ბუაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
კენჭისყრაში მონაწილეობა 95-მა დეპუტატმა მიიღო, მათგან კანონპროექტს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 იყო.
ვრცლად ცვლილებები იხილეთ მოცემულ ბმულზე.