logo
ENG



ლეონ გელოვანი მეუფე შიოს: ღმერთი მოშიმშილე ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს

18 ოქტ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/18/5fis0cs7husv91m.jpg

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი პატრიარქის მოსაყდრე შიოს განცხადების - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს, პასუხად ამბობს, რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.

"მიტროპილიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს რა იგულისხმება ,,მოკვეთაში" და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს." - წერს ლეონ გელოვანი.

 ლეონ გელოვანი მეუფე შიოს თავისივე ძველ ქადაგებებს ახსენებს, სადაც პატრიარქის მოსაყდრე მრევლს მიტევებას მოუწოდებს.

 "თუმცა სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან - ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე- აზრი არ აქვს”, ''მიუტევებელი წყენა, როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018) "სულიწმინდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება" (01.03.2020)" , - წერს ლეონ გელოვანი.

ლეონ გელოვანი მეუფე შიოს განცხადებას მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს და ამბობს, რომ თავად ეპისკოპოსთა პოზიციებს არ იზიარებს და სააკაშვილი მისთვის პოლიტიკური პატიმარია.

"პირადად მე ეპისკოპოსთა არცერთ პოზიციას არ ვემხრობი სრულად, ვთვლი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც ნდობა საერთოდ არ აქვს და ცხადია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს" , - ამბობს მღვდელი ლეონ გელოვანი.

გუშინ, 17 ოქტომბერს, მეუფე შიომ თქვა, რომ "დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, თუმცა ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე." მეუფე შიოს თქმით, "ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან."

 

close დახურვა