logo
ENG



ლერი სულაბერიძე: არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია, მით უმეტეს, ასე რომ გავემეტებინე

29 ივლ 202018:30
3 წუთის საკითხავი
 
wpjwzgcht62isp0.png

ლერი სულაბერიძე, რომელსაც, მანქანაში მჯდომს, 28 ივლისს რამდენჯერმე ესროლეს, გადაცემა "კომენტარში" თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

სულაბერიძე ამბობს, რომ არ იცნობს ირაკლი ღლონტს, რომელიც შს სამინისტრომ მასზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

„არ ვიცნობ ამ ადამიანს, არანაირი შეხება არ მქონია მასთან. არც სახელი და გვარი არ მეუბნება არაფერს. მე დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და მაგაზე ვიყავი მისული. დაათვალიერეს მანქანა, ჩაატარეს ექსპერტიზა და ჩემი ჩვენება მოისმინეს, თუ რა მოხდა“, - ამბობს ის.

სულაბერიძე ყვება, რომ თავდასხმა მგზავრობის დროს მოხდა, როდესაც ის წყნეთში მიდიოდა. როგორც თავად ამბობს, არ იცის, რა შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი, რადგან არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია:

„წყნეთში მივდიოდი და წყნეთის გზატკეცილზე წამომეწია მანქანა, გამასწრო და ამ დროს გავიგე სროლის ხმა. არ დამინახავს არაფერი. ცოტა კოორდინაცია დაკარგა მანქანამ და ამით მივხვდი, რომ რაღაცა მოხდა. სავარაუდოდ მანქანიდან მესროლეს და სროლის შემდეგ მანქანამ, რომელშიც თავდამსხმელი იჯდა, მოძრაობა წყნეთისკენ გააგრძელა.

მომხდარ ფაქტს არაფერს არ ვუკავშირებ, დაველოდოთ გამოძიებას. მე ფეხბურთის ფედერაციაში მე ვმუშაობდი 2003 - 2004 წლამდე, ამიტომ ამ თავდასხმას ჩემს ყოფილ თანამდებობას არ ვუკავშირებ. ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ კავშირში არ უნდა იყოს. არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია, მითუმეტეს ასე რომ გავემეტებინე ვინმეს.

თავდასხმა მოხდა საღამოს 17:30 საათზე. არ მაქვს ვერსია, რის გამო შეიძლება ეს თავდასხმა მომხდარიყო“, - განაცხადა ლერი სულაბერიძემ გადაცემა „კომენტარში“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 28 ივლისის ღამეს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა. სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. 

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს. ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


close დახურვა