ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ დასავლეთში ღარიბაშვილის კომენტარს NATO-ს გაფართოებაზე არასწორი ან მიზანმიმართულად "დამახინჯებული" ინტერპრეტაციები მოჰყვა, ტვიტერზე ეხმაურება.
ლექსმანის თქმით, ღარიბაშვილის კომენტარი დამახინჯებული არ ყოფილა, არამედ საქართველოს პრემიერის განცხადებები ცინიკური იყო და არა ქართველი ხალხის, არამედ 1 კაცის ინტერესს ემსახურებოდა.
"პრემიერი ღარიბაშვილის კომენტარები დამახინჯებული არ ყოფილა. ისინი გათვლილი, ცინიკური იყო და მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა, მაშინ, როცა ქართველი ხალხისას ძირს უთხრიდა.
მაინც როგორ შეაქვს ამას წვლილი საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინსვლაში?“ - წერს ლექსმანი.
PM Garibashvili’s comments were not distorted. They were calculated, cynical & only serve the interests of one man while undermining those of Georgian peoples’.
At what point do they contribute to helping Georgia achieve the 12 recommendations & move forward with EU candidacy? https://t.co/j0PmTO3uRb
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლელ პარტნიორებს საპასუხოდ აკრიტიკებს.
პაპუაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილის სიტყვებმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად NATO-ს გაფართოება დაასახელა, " მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია."
პაპუაშვილი ასევე წერს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მისი თქმით, ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების ასეთ არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას.
***
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.
გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.
"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.