logo
ENG



ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

13 ივლ 202109:43
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემ TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. 

მედია მენეჯერები და ჟურნალისტები ლაშქარავას სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

ოჯახი ოპერატორის ცემაში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

"დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მიაყენა ფიზიკური ზიანი და მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. არ შევეგუებით, რომ ამ ამბავმა ისე ჩაიაროს", - თქვა ლაშქარავას მეუღლემ, ირინე ლომსაძემ.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

11 ივლისს ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზას მისი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს

შსს ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ კი ტელეოპერატორი არ დაიცვა. 12 ივლისს უწყებაში განაცხადეს, რომ "ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა".

აღსანიშნავია, რომ სანამ შსს ნარკოტიკებით ზედოზირების საკითხს წამოწევდა,  ეს ვერსია პრორუსულ, შავრაზმულ, პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდებოდა. 

მაგალითად, მარშალპრესით გავრცელდა ვინმე იოსებ ხიმშიაშვილის განცხადება, რომელსაც mpn.ge პოლიტიკოსად მოიხსენიებს და რომელიც ამბობს:

"გარდაცვლილი ლაშქარავა იყო ნარკომანი, რაც იცის ყველამ, მათ შორის მისმა მეგობრებმა იყო მეტადონის პროგრამის მონაწილე სულ არ იქნება გასაკვირი, რომ ის იყოს გარდაცვლილი "პერედოზით". 

იმავე შინაარსის კომენტარებს წერდნენ სხვადასხვა გვერდზე პროსახელისუფლო განწყობების მქონე ადამიანები და ტროლ-ანგარიშები. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო, უკვე მესამე დღეა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.


close დახურვა