კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს.
ტვ პირველის ჟურნალისტი, რომელსაც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას გარდაიცვალა.
მისი დეიდა ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ ოჯახს არ სურდა ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება, ვინაიდან დედა ამისი წინააღმდეგი იყო.
თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოჯახის სურვილი არ გაითვალისწინეს და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლექსო ლაშქარავას ცხედარი იძულებით და ნაჩქარევად გადაიტანეს.
"დედას არ უნდოდა, იმიტომ, რომ მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა. მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და სულ ამას განიცდიდა, დამიჩეხესო. ეს ცოტა ემოციურ ფონზე ნათქვამია, ექსპერტიზა როგორ ტარდება, ყველამ კარგად ვიცით, ჩვენც ექიმები ვართ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც არ უნდოდა, შვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩატარებოდა. ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ ასე წაიყვანდნენ.
მე ისიც მესმის, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტიზა, რომ დაიდოს დასკვნა.
ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. აქ სხვა მიზეზი შეუძლებელია.
მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, ასე ძალით რატომ წაიყვანეს, რა არის ამის მიზეზი. როცა დედა ასეთ მდგომარეობაშია და ასე განიცდის მომხდარს, ასე არ უნდა მომხდარიყო მიცვალებულის სახლიდან გაყვანა". - თქვა მან.
ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
ტვ პირველის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც ამ დღეს ლაშქარავასთან ერთად მუშაობდა, 6 ივლისს თქვა:
"სირცხვილიას ოფისში როცა პირველად შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მერე. შემდეგ თმაზე მომქაჩა სასულიერო პირმა. მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა, ლექსომ უთხრა ასეთი ფრაზა: რას აკეთებ, ჟურნალისტია. ამ დროს ის გადაათრია ასე 20-მა კაცმა. ჩვენ ვიყავით ჩაკეტილები და ვიყავით მარტო მე და ჩემი ოპერატორი. მე და ჩემი ოპერატორი ვიყავით ძალიან დაუცველები, დაუცველი იყო საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელზეც ვზრუნავდით მე და ჩემი ოპერატორი. მას სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე გაკავებული. ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი ნათელი სხივი იყო, რომ მესმოდა მისი ხმა და როცა ხმა ვერ გავიგე, ვიფიქრე, მოკლეს-მეთქი. მე ტელეფონი გადამიდგეს. 20-მდე ადამიანმა კი ლექსო ჩაითრია და არ ჩანდა". - თქვა ჟურნალისტმა.
***
5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.
5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო".
5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა.
5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის. თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.
იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი.