logo
ENG



ლიბერთი და VTB ვირუსის გამო, სესხების გადავადებას იწყებენ

13 მარ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 
tg4ezdp6tl2lqtk.png

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე "ვითიბი ბანკი" სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება ბანკის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

"შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით. ორშაბათიდან, თითოეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ანალოგიურ შეღავათებს მომხმარებელს "ლიბერთი" ბანკიც უწესებს. გარდა ამისა, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი.

▪️დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.*

▪️ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად. ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში: 032 255 55 00", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე სესხების 3-თვიანი გადავადების შესახებ "საქართველოს ბანკმა" და "თიბისიმ" განაცხადეს. 

 


close დახურვა