logo
ENG



ლიეტუვის პარლამენტმა ტიხანოვსკაია ბელარუსის არჩეულ ლიდერად აღიარა

11 სექ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის პარლამენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის არჩეულ ლიდერად აღიარა. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, ბელორუსის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად დაასახელა. 

ამასთან ერთად ლიეტუვის პარლამენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს  ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერს უწოდებს და მოუწოდებს  მსოფლიოს ქვეყნებს,  მისი ნებისმიერი ქმედება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის რუსეთთან  ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება, შეაფასონ  როგორც დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. 

ლიეტუვის პარლამენტი რუსეთს ბელარუსის სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობის შემთხვევაში, დამატებითი სანქციებით დაემუქრა. 

უკვე 29-ე დღეა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა