ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუსის ბუდრისი იზიარებს პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს, რომ საჭიროა საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მან მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ლიეტუვამ უკვე დაუწესა საქართველოში 30-მდე ადამიანს სანქციები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ოპოზიციური პროტესტის ჩახშობაში და ამისკენ მოუწოდებს ევროკავშირსაც.
გარდა ამისა, მინისტრი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლაა საჭირო ევროკავშირმა საქართველოს მოსახლეობას დაანახოს, რომ ევროპა მათ გვერდით დგას.
"იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას საჭირო ნაბიჯებზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, როდესაც ვხედავთ ძალადობას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგაა, ეგ არ არის ის, რისი იგნორირებაც შეგვიძლია, ან რასაც შევეგუებით.
ლიეტუვაში ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები თითქმის 30 პირის წინააღმდეგ, ვინც პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციური პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ასევე დააწესოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხია უვიზო რეჟიმი - ჩვენ უნდა გავაუქმოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.
ასევე უნდა გავაჟღეროთ ძლიერი გზავნილი, რომ შესაძლოა, მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ, ასევე შევაჩეროთ ყველანაირი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის ინსტიტუტებთან, შევაჩეროთ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუტებისთვის, მეორე მხრივ, უნდა გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის ფინანსური პაკეტი გვჭირდება, რათა ვაჩვენოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი. სწორედ ახლაა საჭირო, გავუგზავნოთ გზავნილი ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას, რომ ევროპა არ მიგატოვებთ. ევროპა თქვენთანაა, ევროპას სჭირდებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან ეს იქნება სწორი გზა, შექმნილი სიტუაციის გადასაწყვეტად"- განაცხადა მან.
დღეს, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.