6 აპრილს, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმმა გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება, რომელშიც წერია, რომ კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მოთხოვნას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებზე.
განცხადებაში ასევე წერია, რომ კომიტეტი გმობს პოლიტიკური ნების ნაკლებობას, რამაც ხელი შეუშალა საერთაშორისო საზოგადოებას 2008 წელს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის 2008 წლის აგრესია საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ამჟამინდელი ომი უკრაინაში, სწორედ რომ წარსულში გადაწყვეტილების მიუღებლობის შედეგია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო ევროპული პერსპექტივა აქვთ და რომ ორივე წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეს, რომლის მთავარი მიზანია ამ ორი ქვეყნის თავის გავლენის სფეროში დაბრუნება.
ასევე, საგარეო საქმეთა კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, რომელიც აცხადებს უარს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებზე, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი:
- გმობს საქართველოსა და უკრაინას შორის ამჟამად არსებულ მთავრობათაშორის ურთიერთობებს, ისევე როგორც ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის
- აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ და იწვევს საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიას, გამოხატონ სრული მხარდაჭერა უკრაინის მთავრობისადმი.
კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანას სასწრაფო მკურნალობისთვის, რაც "ხელს შეუწყობდა დეპოლარიზაცას და საქართველოს საშინაო და საგარეო საქმეებში რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევის პრევენციას მოახდენდა".
ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში და იწვევს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუკი საქართველო შეუერთდება ევროკავშირის განცხადებებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ასევე ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომლებიც მიმართულია ბელორუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ.