სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია პირველივე წუთიდან ჰქონდათ.
"რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა". - თქვა მან ტვ პირველთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.