logo
ENG



ლობჟანიძე: თამარის ლეპტოპის ბრაუზერით შესაძლოა სხვამ მოძებნა ინფორმაცია თვითმკვლელობაზე

07 აგვ 202009:35
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი გოგოს ლეპტოპიდან სხვას მოეძიებინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა. გარდა ამისა, ლობჟანიძე საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა ლეპტოპში დისტანციურად შესულიყო ვინმე.

ლობჟანიძის თქმით, აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა საძიებო სისტემიდან მოპოვებული თარიღები შეცვლილი. როგორც ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი განმარტავს, ამ ყველაფრის დადგენა გარდაცვლილი პროგრამისტის მობილურიდან არის შესაძლებელი.

"თუ ეს ინფორმაცია ამოღებულია თამარის ლეპტოპის ბრაუზერის ისტორიიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს თამარის აკრეფილია და მის მიერ მოხდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მოხდეს, გვჭირდება თამარის გუგლის ანგარიში ანუ მისი პაროლი. პაროლის შეცვლა შეიძლება მისი მობილურის საშუალებით. ბრაუზერის ისტორია არ ადასტურებს, რომ მე ამა და ამ წამს შევიყვანე რაღაც ტექსტი, იქნებ სხვა დროს არის შეყვანილი ან სხვამ შეიყვანა? შეიძლება სხვა კომპიუტერიდან მოხდა თამარის ბრაუზერში შეღწევა", - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა