მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური ამბობს, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერს, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით დაინტერესებულია.
"მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც ჩემს გუნდთან ერთად 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.
P.S. ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!" - წერს ლომოური.
2021 წლის დეკემბერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლზე ისაუბრა და პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მწერალთა სახლში არ უშვებენ მწერლებს, რომლებიც მწერალთა კავშირის წევრები არიან. მან ასევე ახსენა სასტუმრო, რომელიც მწერალთა სახლის შენობაში არის გახსნილი. მაშინ დირექტორმა ნატა ლომოურმა ნეტგაზეთთან მინისტრის ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ მწერალთა სახლში ყველა მწერალს უშვებენ.
ამასთან, მწერალთა სახლი ახორციელებდა ლიტერატურულ პრემია ლიტერას. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, ჟიურის სხვა წევრებმა კონკურსის დატოვება დაიწყეს, ასევე მონაწილეების დიდმა ნაწილმა თავიანთი ნაწარმოებები კონკურსიდან მოხსნეს.
ამის გამო კონკურსი ჩაიშალა, ხოლო სამინისტრომ შემდგომ წლებში მის დაფინანსებაზე უარი თქვა.