logo
ENG



ლომჯარია: 5-დღიანი კარანტინით გალელი თანამოქალაქეებისთვის დამატებითი ბარიერები შეიქმნა

08 აპრ 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock 843
ლომჯარია: 5-დღიანი კარანტინით გალელი თანამოქალაქეებისთვის დამატებითი ბარიერები შეიქმნა

სახალხო დამცველი მდინარე ენგურის კვეთისას ოთხი პირის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარდა სხვა არსებული პრობლემებისა, საქართველოს ხელისუფლებამ გალელ თანამოქალაქეებს დამატებითი ბარიერები შეუქმნა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განმარტა, ენგურის ხიდზე ჩაკეტვამდე ბევრად მეტი ადამიანი გადადიოდა, ვიდრე პანდემიის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ მოქალაქეებს აქვთ საჭიროება ხიდის გამოყენებისა, თუმცა ეზღუდებათ გადაადგილება. 

„მთავარი პრობლემა არის, რომ პანდემიამდეც იყო ეს პრობლემა, დაკეტილია გადასასვლელი პუნქტები. ბოლო ერთი წელია, გალში მცხოვრები მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. როდესაც არ იყო შეზღუდვები, 1000-1500 ადამიანი კვეთდა ხიდს, დღეს 20-30 ადამიანი კვეთს. ეს რიცხვებიც აჩვენებს, რამხელა საჭიროება აქვთ და როგორ აქვთ შეზღუდული გადაადგილება. 

რა თქმა უნდა, ეს არის, პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები შეუქმნა ხუთდღიანი კარანტინის დაწესებით ჩვენს მოქალაქეებს და ბევრისთვის ეს არის ბარიერი. ვისაც აქვს უფლება გადმოსვლის, ისინიც კი ცდილობენ, გვერდის ავლით გადმოვიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ვფიქრობ, ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.მდინარე ენგურის კვეთისას 7 აპრილს გალის 4 მცხოვრები დაიღუპა. ახლობლების თქმით, მათ მდინარეზე გადასვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ 5-დღიანი კარანტინის აცილება უნდოდათ.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ 5-დღიან კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი". 


close დახურვა