logo
ENG



ლომჯარია: იმედია, მეუფე იაკობისგან მანდატის განხორციელებაზე უფრო მკაფიო გზავნილები იქნება

15 ივნ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/15/fdg092c37avc0zk.jpg

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალი მენეჯმენტის მხრიდან უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას არ შეექმნება პრობლემები.

როგორც ლომჯარიამ ისაუბრა, პირველი განცხადებები მას აფიქრებინებს, რომ "მათ შორის საპატრიარქოც იზიარებს იმას, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს".

"ალბათ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს და უნდა დავინახოთ დამოკიდებულებაში ცვლილება ჩვენი მანდატის განხორციელებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შემეძლება, გავაკეთო შეფასებები. პირველი განცხადებები, რაც გაკეთდა, მაფიქრებინებს, რომ მათ შორის საპატრიარქოც იზიარებს იმას, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და დაიწყო სერიოზული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ბავშვების რეინტეგრაცია ოჯახში, მათი ოჯახების გაძლიერება და შემდეგ ალტერნატიულ, ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გადაყვანას ბავშვების.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ბოლო დღეებში სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების რისკი არ იდგა და იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებზე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ჩვენ მათთვის არ გვინდოდა ზედმეტი სტრესი მიგვეყენებინა, ამიტომ ველოდით სიტუაციის დეესკალაციას. რა თქმა უნდა, შევხედავთ რამდენიმე დღე, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება მათ შორის ახალი მენეჯმენტის მხრიდან, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას იქ არ შეექმნება პრობლემები და არ გახდება ჩვენი იქ შესვლა ბავშვებზე დამატებითი ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლის განხორციელების საფუძველი", - თქვა ლომჯარიამ.

მისივე განცხადებით, პროცესს დააკვირდებიან და თუ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა შეჩერდება, მონიტორინგისთვის პანსიონში ჩავლენ.

"ჩვენ ასევე დავაკვირდებით, უახლოეს დღეებში ხომ არ შეჩერდება ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან, იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ვხედავდით, რომ ეს აქტიურად ხორციელდებოდა, იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, თუმცა, თუ დავინახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიდეთ ადგილზე და განვახორციელოთ მონიტორინგი", - განაცხადა ლომჯარიამ.

გუშინ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. პანსიონს წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.

ნინოწმინდის პანსიონში კვლავაც რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა