გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული, როდესაც ომბუდსმენის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან დარღვია.
„ჩემი წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩემი შესვლიდან დაახლოებით 15 წუთში მოვიდნენ იქ ჟურნალისტები. მე არ მაქვს პრეტენზიები იმ მედია წარმომადგენლების მიმართ თუ რატომ მოვიდნენ და რატომ დაინტერესდნენ. აქ სხვა საკითხია პრობლემური - დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, როდესაც მან კანონი დაარღვია და გაასაჯაროვა სახალხო დამცველის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან.
ეს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით აკრძალულია. ეს არის დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით. მე აუცილებლად მოვითხოვ, რომ დღეს განვითარებულ მოვლენებს მოყვეს სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენი ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.