logo
ENG



ლომჯარია: მივიღეთ ინფორმაციები, ექიმები შეაჯერებენ და ამის შემდგომ გავრცელდება დასკვნა

12 დეკ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: მივიღეთ ინფორმაციები, ექიმები შეაჯერებენ და ამის შემდგომ გავრცელდება დასკვნა
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც ლომჯარიამ თქვა, ექიმებმა სააკაშვილის საქმე შეისწავლეს, მიიღეს სხვადასხვა ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შეჯერების შემდეგ კი დასკვნას დადებენ.

"ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად, ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინაროებდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს თავისი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც  სჭირდება შეჯერება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალხმრივი ეს გართულებები. ახლა ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით", - თქვა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ექიმების რეკომენდაციების განხორციელებას მხარს დაუჭერს. 

რაც შეეხება სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას, ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს ღია სივრცე, სადაც სეირნობას შეძლებს, ასევე, მას, როგორც პაციენტს, მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, ამიტომ, ლომჯარიას თქმით, ამ საკითხს დააყენებს.

ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება"

სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტკოვიდური გართულებების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა და მისთვის წამლების დოზის გადამეტებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა