საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია".
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა.
ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.
ლომჯარიას თქმით, ასეთი თემებით სპეკულირება სახიფათოა და შესაძლოა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა წააქეზოს.
"თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.
მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს" - წერს ნინო ლომჯარია.
ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი თავს დაესხა - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ - დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.