logo
ENG



ლომჯარია: უარყოფითად ვაფასებთ განცხადებებს, რაც სააკაშვილს უფრო მძიმე შიმშილობისკენ უბიძგებს

12 ოქტ 202120:48
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: უარყოფითად ვაფასებთ განცხადებებს, რაც სააკაშვილს უფრო მძიმე შიმშილობისკენ უბიძგებს
კადრი

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. ამით იგი ეხმაურება ციხის ადმინისტრაციის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევების პასუხების გასაჯაროვებას. 

ომბუდსმენის განცხადებით, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთის მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ - შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

"პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც", - წერია ნინო ლომჯარიას განცხადებაში. 

ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უარყოფითად აფასებენ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას.

ლომჯარია, ასევე აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა