logo
ENG



ლომჯარია კობახიძეზე: სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტარები ფეიკ ნიუსის მსხვერპლი არიან

09 ივნ 202215:23
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას. ომბუდსმენის შეფასებით, სუსტია კობახიძის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ევროპარლამენტი "ფეიკის" მსხვერპლია.

ლომჯარიას თქმით, გუშინ ევროპარლამენტარების კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე იყო დაფუძნებული.

"გუშინ ყველა გამომსვლელი ევროპარლამენტის წევრი იყო ძალიან კრიტიკული. ალბათ სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან ფეიკ ნიუსების მსხვერპლი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ გუშინ პარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი არ საუბრობდნენ ვიღაცის მოყოლილის საფუძველზე, ისინი საუბრობდნენ გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საკუთარი დასკვნების საფუძველზე და ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული"- თქვა ლომჯარიამ.

დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და თქვა, რომ ევროპარლამენტი "ფეიკის" მსხვერპლია.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.

დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა. 

რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა. 


close დახურვა