logo
ENG



ლომჯარია მელაშვილის ინციდენტზე: აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება

02 თებ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/aj7vev5lf0u5bye.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სავაჭრო ცენტრში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო საქმის პირველივე დღეებიდან პოლიტიზირებამ. მელაშვილს გუშინ, 1 თებერვალს მოქალაქე ბაქარ ადამია დაესხა თავს და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულს "მოღალატე" უწოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ლომჯარიას თქმით, საქმეზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და ეს უნდა იყოს პრევენციული ღონისძიება, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

"ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო პირველივე დღეებიდან ამ საქმის პოლიტიზირებამ. ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულში მონაწილე პირები არიან სამშობლოს მოღალატეები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და ვფიქრობ, მსგავსი განცხადებები ბრალდებულების მიმართ ახალისებს არა მარტო აგრესიას, არამედ აჩენს რისკს საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება", - აცხადებს ლომჯარია.

ფორმულას ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში ისმის, რომ თავდასხმისას ადამია მელაშვილს ეუბნება, რომ "ქვეყანაში სამართალი არსებობს და მას დანაშაული ფაქტებით დაუდასტურდება".

ფორმულას ინფორმაციით, ბაქარ ადამიანია ფეხბურთელია და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი. 

აღსანიშნავია, რომ ობიექტის დაცვა გამოჩნდა მხოლოდ მაშინ, როცა ივერი მელაშვილმა სავაჭრო ცენტრი დატოვა. 

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმას პროვოკაციად აფასებს. როგორც მელაშვილმა TV პირველს განუცხადა, არ გამორიცხავს, მომხდარი მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელების შედეგი იყოს.

ინციდენტს გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები წინა ხელისუფლების ხელწერაა. 

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. მაგალითად, ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მხარდამჭერები. ამის დამადასტურებელი 100-ზე მეტი სქრინი პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. აღსანიშნავია რომ ამ კამპანიაში ჩართული არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც, რომლებსაც აქციაც ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მოგვიანებით ის გაუქმდა. 


close დახურვა