logo
ENG



ლომჯარია პანსიონზე: ხელმძღვანელობისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა და განწყობა ღიაობისკენ

28 ივნ 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/28/fy8mq68kuz1omvp.jpeg

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში შესვლის შემდეგ აცხადებს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობას აქვს მზაობა, ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან და გაიზიაროს გაცემული რეკომენდაციები.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მას აქვს იმედი, რომ გარკვეულ საკითხებზე მიიღწევა თანხმობა.

„ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა და არიან განწყობილები ღიაობისკენ, რეკომენდაციების გაზიარებისკენ. ვფიქრობ, მივაღწევთ ნამდვილად სრულ ურთიერთთანხმობას, თუმცა მზაობას თანამშრომლობის ნამდვილად ვხედავ". - თქვა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ის და მისი აპარატის წარმომადგენლები, შესაბამისი კვალიფიკაციის მუშაკები ბავშვებს ინდივიდუალურად შეხვდნენ.

ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს სახალხო დამცველის პირველი ვიზიტი იყო პანსიონში, ამიტომაც შეხვედრები, უმეტესწილად, გაცნობითი ხასიათის იყო და მიზანმიმართული იქეთკენ, რომ ბავშვებს ნდობა გასჩენოდათ.

„2018 წლის შემდეგ არის პირველი ვიზიტი და შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გავსაუბრებოდით ბავშვებს, იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. დიდი ხანია მათ არ ვუნახივართ და ალბათ ბევრი კარგიც არ სმენიათ ჩვენ შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ნდობის ელემენტის შემოტანა ჩვენს ურთიერთობაში.

მოგვეცა შესაძლებლობა ინდივიდუალურად, დამსწრის გარეშე შევხვედროდით ბავშვებს. ნდობა ასე მარტივად არ ჩნდება და იმედი მაქვს, რომ სამომავლო ვიზიტები ამ ნდობას უფრო გააღრმავებს და შევძლებთ ბავშვებთან მეტ თემაზე უფრო გულწრფელად საუბარს.

ჩვენი სამომავლო ვიზიტები იქნება ნაკლებად საჯარო და მეტად ორიენტირებული მონიტორინგის საქმიანობაზე, მეტად მორგებული ბავშვების ინტერესებზე", - ამბობს სახალხო დამცველი.

პანსიონის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი იაკობი ამბობს, რომ ისინი მზად არიან, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ და პრობლემები, არსებობის შემთხვევაში, აღმოიფხვრება.

„გახსნილები ვართ აბსოლუტურად. ქალბატონი ნინო და ინსტიტუტი შემოვიდა ჩვენთან. ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჩვენი სახალხო დამცველის და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ. 

პრობლემები თუ იქნება, ყველაფერს აღმოვფხვრით. ახლა მთავარ პრობლემად იმას ვხედავ, რომ მცირე ზომის საცხოვრისებს. სიტუაცია გამოსწორებულია. დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე, გარეთ ვერ გამოდიოდნენ", - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.

ეს სახალხო დამცველის პირველი ვიზიტი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

ნინო ლომჯარიას შესვლა პანსიონში მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაწესებულების ხელმძღვანელი შეიცვალა - წინა დირექტორი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდა. მოქმედმა ხელმძღვანელმა კი თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები და თავად ლომჯარია პანსიონში შესულიყვნენ მონიტორინგის მიზნით.

 

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს. 

პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა