საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არაკონსტიტუციური განცხადება გააკეთა.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ხუნდაძის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ისე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილთან.
"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ეს არის ბოლო მუხლი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმისთვის რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს მუხლი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ეს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციური უწყების ყველა წარმომადგენელმა, ეს ეხება როგორც საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს, ასევე სახალხო დამცველს და ა.შ., ყველამ, უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მმართველი პარტიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის არაკონსტიტუციური - ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის როგორც კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ისე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილთან, რომელიც არაერთგზის არის გაცხადებული", - თქვა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა გააკეთოს განმარტებები და ხუნდაძის განცხადებას გაემიჯნოს.
"უფრო მეტიც, არა მარტო ეს განცხადება - "რომ ჩვენ თუ რაღაც ვალდებულებებს დაგვიწესებენ შესასრულებლად, უარს ვიტყვით ევროინტეგრაციაზე", არის არაკონსტიტუციური, არამედ ის ფაქტიც, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რასაც სახელმწიფოს უწესებს ევროკავშირი ინტეგრაციისთვის, თუ ეს ვალდებულებებიც არ განხორციელდება, ხელისუფლების მხრიდან ეს იქნება არაკონსტიტუციური ქმედებები, ვინაიდან ეს მათ პოლიტიკურ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, ეს არის მათი კონსტიტუციური ვალდებულება".
მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს განმარტებები და გაემიჯნოს ამ არაკონსტიტუციურ განცხადებებს. არა მხოლოდ განცხადებები უნდა გააკეთოს, არამედ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
***
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს "უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს", ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას.
დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების სწორედ ის ე.წ. ამბოხებული დეპუტატია, რომლის მეშვეობით მმართველმა გუნდმა 2019 წელს ჩააგდო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მღელვარების შემდეგ საზოგადოებას სწორედ ასეთ სისტემას დაჰპირდა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.