logo
ENG



ლომჯარიას თქმით, ზურაბიშვილს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ

30 ნოე 202212:11
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარიას თქმით, ზურაბიშვილს მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ლომჯარიამ სააკაშვილი 28 ნოემბერს მოინახულა.

ომბუდსმენის თქმით, ზურაბიშვილმა უთხრა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან და ეკონტაქტებიან ექსპერტთა ორგანიზაციას.

"სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან [კონტაქტზე არიან], საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის", - თქვა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ის დასუსტებულია და თავად ექიმებიც აღიარებენ, რომ მის დინამიკაში გაუმჯობესება არ შეინიშნება".

"ორი დღის წინ მოვინახულე პირადად, არ ვარ ექიმი და კონკრეტულ დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ მე პირადად ვიხილე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი, ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც პირადად მე ვერც წარმომედგინა რომ ვნახავდი, არ ველოდი, რომ სიტუაცია იქნებოდა ასეთი მძიმე, იქნებოდა ასე დასუსტებული ფიზიკურად და თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური თუ სხვა მიმართულებით, ანუ გაუმჯობესება არ შეინიშნება. ეს არის ავადმყოფი, რომელსაც აქვს მკვეთრი შემცირება წონაში, არ შეუძლია მოძრაობა, სიარული, უჭირს საუბარი, არის უენერგიოდ, აქვს სიცხეები და არ ვიცი, რა ჰქვია დიაგნოზით ამ მდგომარეობას, მაგრამ მე ვნახე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი", - თქვა ლომჯარიამ.


close დახურვა