logo
ENG



ლომჯარიას თქმით, სააკაშვილთან მისი წარმომადგენლის არშეშვება ომბუდსმენის მანდატის დარღვევაა

29 დეკ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარიას თქმით, სააკაშვილთან მისი წარმომადგენლის არშეშვება ომბუდსმენის მანდატის დარღვევაა

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას თქმით, მისი წარმომადგენლების პატიმართან არშეშვება სახალხო დამცველის მანდატის დარღვევაა. ამით ის გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც ომბუდსმენის წარმომადგენელი და კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ლომჯარია ამბობს, რომ საკითხზე შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და ომბუდსმენის აპარატი გეგმავს სანქციების გატარებას მათ მიმართ, ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პატიმრის მონახულების უფლება არ მისცა. 

"პირველი შემთხვევაა ჩემი პრაქტიკის  განმავლობაში, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს არ მიეცათ შესვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და მანდატის დარღვევას და ჩვენ დაწყებული გვაქვს შესაბამისი პროცედურები. ვიხელმძღვანელებთ ორგანული კანონით და პასუხისმგებელი პირების მიმართ გავატარებთ იმ სანქციებს, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა", - თქვა ლომჯარიამ

გუშინ, 28 დეკემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და კონსილიუმის ექიმები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

ომბუდსმენის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის თქმით, მათი მიზანი იყო, მიეღოთ ინფორმაცია ექსპრეზიდენტის მკურნალობის, ასევე, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. თუმცა, ამის საშუალება არ მიეცათ. 

27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა სცადეს, რასაც მან წინააღმდეგობა გაუწია. 

საბა ბრაჭველი ამბობს, რომ შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, გუშინ კი მის მონახულებაზე უარის თქმა აჩენს ეჭვებს, ხომ არ განმეორდა მსგავსი რამ. 


close დახურვა