დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.
მისი განცხადებით, კორონავირუსმა ამ ეტაპზე ყველა კონტინენტი მოიცა და 65 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში პანდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და ქვეყანა მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იმყოფება.
"საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც კლინიკურად და ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული. მოგეხსენებათ გვაქვს კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა. ისინი მოთავსებული არიან ბოქსირებულ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება და შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. პარალელურად, დღეს კარანტინში არის 97 ადამიანი და ზოგადად ინფექციური მიმართულების სამედიცინო დაწესებულებებში, წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილით, ლუგარში შემოვიდა 14 ნიმუში გამოსაკვლევად, 2 ქუთაისიდან, 1 გორიდან და დანარჩენი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან და მათი პასუხები იქნება დღის ბოლომდე. ქვეყანაში ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ. მიმდინარეობს ასეთი დაწესებულებების დეზინფექცია", - განაცხადა განყრელიძემ.
მან აგრეთვე ის რეკომენდაციები გაიმეორა, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა შეასრულოს, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე შემცირდეს. გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
"თავი ავარიდოთ თუ არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა მოგზაურობას, განსაკუთრებით დასინიანებულ ქვეყნებში - სომხრეთ კორეა, ჩინეთი, იტალია და ირანი. სხვა ქვეყნებშიც მომატებულია დაინფიცირების რაოდენობა, მაგალითად საფრანგეთსა და გერმანიაში. სასურველია შეიძღუდოს საერთაშორისო მოგზაურობები. ასევე მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დასენიანებული ქვეყნებიდან, ისინი გადიან დეტალურ სამედიცინო შემოწმებას საზღვარზე, თუმცა თუ სიმპტომები აქვთ, მაშინ ისინი გადადიან ბოქსირებულ განყოფილებაში ან კარანტინში. ყველა რეგიონმა გამოყო საიზოლაციო სივრცეები, ან ხდება მათი თვითიზოლაცია ხდება შესაბამისი მონიტორინგით", - აღნიშნა გამყრელიზემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სეზონურ გრიპზეც და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის მცირედი მატება აღინიშნება.
"რაც შეეხება გრიპს, გრიპის სეზონი გრძელდება მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე, ამიტომ ყველა რეკომენდაცია უნდა გაგრძელდეს. რეკომენდაციები უცვლელია, კერძოდ კი, საერთო ჰიგიენა. ბოლო კვირის შეჯამებით გრიპთან მიმართებაში, გვაქვს ოდნავი მატება. გრიპის 145 შემთხვევა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, და 2%-ის მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის", - ამბობს ამირან გამყრელიძე.