გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა სირაძის საქმეში მონაწილე სხვა პოლიციელებზე სახელმწიფო ინსპექტორმა გენინსპექციას მიმართა. გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და პოლიციის ეთიკის კოდექსი შესაძლოა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლებმაც დაარღვიეს.
ლუკა სირაძის ძმას იმედი აქვს რომ გამოძიება გაგრძელდება ეფექტიანად და საქმეში სხვა პირების ბრალეულობაც დადგინდება. ლუკა სირაძის ოჯახი 12 თებერვალს მარიანა ჩოლოიანის წინასასამართლო სხდომას ელოდება, მათი თქმით საქმეში ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მასალები, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს.
აღნიშნულ საქმეში ასევე იკვეთება სხვა სამართალდამცველების ბრალეულობაც, საუბარია რევაზ მამასახლისზე. ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის ინფორმაციით, მამასახლისმა მშობლის გარეშე დაკითხა ლუკა სირაძე, რაც კანონდარღვევაა.
„ჩოლოიანის წინააღმდეგ როგორც ვიცი არის ორი მოწმის ჩვენება, ამის საფუძველზე წარუდგა ჩოლოიანს ბრალი. დედაჩემის ჩვენება არის ზოგიერთის წინააღმდეგ, კონკრეტულად სახელებს და გვარებს ვერ იხსენებს. რევაზ მამასახლისი არის უფროსის მოადგილე, რომელმაც თავიდან შეიყვანა კაბინეტში, იქ მოწმე არავინ არ არის, ჩემი ძმა იყო და მამასახლისი. ჩოლოიანის გარდა ეს ადამიანია ყველაზე დიდი მონაწილე. დედაჩემმა ეს პიროვნებები აღწერა, სახელები და გვარები არ იცის, არის ერთი პიროვნება, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და ამაზეა საუბარი, ახლა მიმართეს გენერალურ ინსპექციას, რომ თუ სისხლის სამართლის ვერა, დისციპლინარული პასუხისმგებლობა მაინც შეუფარდონ ამ ადამინს “,-განაცხადა ბექა სირაძემ.
გარდა სამართალდამცველების გადაცდომებისა, სახელმწიფო ინსპექტორმა განცხადებაში „მწვანე სკოლის“ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, მათ რამდენიმე კვირის წინ დააჯარიმეს სკოლა, მათი თქმით სკოლამ დაარღია კანონი პერსონალური ინფორმაციის შესახებ.
„მწვანე სკოლის“ დირექტორის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები სკოლამ გაითვალისწინა და საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში კამერები აღარ არის.
„საკლასო ოთახებში, სამასაწავლებლოში კამერების განლაგება, ასევე ჰიგიენურ ოთახებში ეს ყველაფერი გამოსწორებულია, აღარ არის იქ კამერები. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ პოლიციის მოთხოვნით გადავეცით კამერების ჩანაწერები, იმავე დღეს, ოპერატიული მიზნებისთვის, გვეცოდინება, რომ არ შეიძლება გადაცემა, რის გამოც დავჯარიმდით. მოსწავლესთან გასაუბრება მოითხოვა პოლიციამ, ამ გასაუბრებას ესწრებოდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი. არაფერი ადმინისტრაციის გარეშე იქ არ მომხდარა, ყველა საგამოძიებო ქმედება მიმდინარეობდა პოლიციის მოთხოვნის შესასრულებლად“,-განაცხადა კახა დავითურმა.