ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებს თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ინფორმაციულ სფეროსა და მედიის ქმედებების შესახებ გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ბელარუსის მოქალაქეებზე ზრდიან წნეხს და მათი ემოციებით თამაშობენ, როცა ამბობენ რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაებმება.
„ათასჯერ ვთქვი რომ ჩვენ უკრაინაში ბრძოლას არ ვგეგმავთ. ეს აქტუალური საკითხია. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა კი მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება. ჩვენ ამას წყნარად უნდა ვუპასუხოთ.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავად ოპოზიციის წევრები უკრაინაში საბრძოლველად ქმნიან მოხალისეთა ჯგუფებს. „ასე რომ ვინ იბრძვის სინამდვილეში უკრაინაში ახლა?“ - იკითხა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომში ბელარუსის ჩართვაზე საზღვარგარეთ განცხადებების გავრცელების მიზანი "საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა, რათა [ომში] ჩაგვითრიონ“.
"ჩვენი ომში ჩათრევა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: თუ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია დაიწყება, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას. შესაბამისად, მე ფხიზლად ვარ. როცა ამის შესახებ ვკითხულობ მე მოვუწოდებ სამხედრო სამსახურებს: გაავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ჩრდილოდასავლეთში, და რა ხდება დასავლეთში? ჩვენ ყველაფერს ვხედავთ? ყველაფერი მობილიზებულია? როგორ მუშაობს დაზვერვა?“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიები რუსების მიერ ბელარუსის ტერიტორიიდან არაერთხელ დაბომბილა. 1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ. ამასთან, რუსულ ჯარს ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შესაღწევად არაერთხელ გამოუყენებია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ CNN-მა აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბელარუსი, შეიძლება "მალე" შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ქვეყანა უკვე დგამს ნაბიჯებს ამისკენ.
წყარომ, ბელარუსიის ოპოზიციიდან განაცხადა, რომ საბრძოლო ნაწილები მზად არიან უკრაინაში უახლოეს დღეებში შესასვლელად. წყაროს აზრით, ეს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს , ვიდრე გეოპოლიტიკურად, რადგან გასათვალისწინებელია თუ რა გავლენა ექნება ომში სხვა ქვეყნის მიერთებას.
23 მარტს კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომში ჩართვის მიზნით რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები „ინდივიდუალურ საუბრებს“ აწარმოებენ ბელარუს სამხედროებთან.
დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში ჩართვის სანაცვლოდ, რუსეთი ბელარუს სამხედროებს თვეში 1000-1500 დოლარის ოდენობით ფინანსურ დაზღვევასა და რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში განათლებას ჰპირდება.