logo
ENG



ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება

27 ივნ 202319:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/pkdmy5yf6yd2agq.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.

ბელარუსული მედია BELTA წერს, რომ ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ოფიცრების შემადგენლობისთვის წოდების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

"უსაფრთხოების გარანტიები, როგორც გუშინ დაჰპირდა [ვლადიმერ პუტინი] უზრუნველყოფილი იყო. დიახ, მართლაც ის დღეს ბელარუსში იმყოფება. როგორც მე დაგპირდით, თუ ჩვენთან გარკვეული დროით ყოფნა გინდათ და ასე შემდეგ, ჩვენ დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, ვაგნერელების ხარჯზე", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ამჟამად ბელარუსში ვაგნერელებისთვის ბანაკებს არ აშენებენ, თუმცა, თუ საჭირო იქნება, დაბანაკების ნებას მისცემენ.

"ჯერჯერობით არანაირ ბანაკს არ ვაშენებთ. მაგრამ თუ მოუნდებათ, განვათავსებთ, როგორც მესმის, ცალკეულ ტერიტორიებს უყურებენ. დადგით კარვები, კი ბატონო", - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

 


close დახურვა