logo
ENG



ლუკაშენკომ ვაგნერელები მისი სამხედროების გადასამზადებლად ბელარუსში მიიწვია

01 ივლ 202312:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/cor9pe7x723ysw6.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა - ამის შესახებ მან პარასკევს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ისინი (ვაგნერის მებრძოლები) აქ არ არიან. თუ მათი ინსტრუქტორები, როგორც ეს უკვე მათ ვუთხარი, ჩამოვლენ და მათ საბრძოლო გამოცდილებას გაგვიზიარებენ, ამას მივესალმებით", - განაცხადა მან.

CNN-ის ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მას ვაგნერის დაჯგუფების არ ეშინია და მათ "დიდი ხანია იცნობს". მან, ასევე, გააკრიტიკა დასავლეთი და თქვა, რომ "მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი" მწიფდება, რომლის მოგვარებასაც არ ცდილობენ.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნორმალური ცივილიზაციის ჩამოსაყალიბებლად, მსოფლიოს გარშემო იბრძოდნენ. დასავლეთს ისინი დასანახად ეზიზღება", - თქვა მან.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა