logo
ENG



ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაცია საიდუმლოდ გამართა

23 სექ 202014:12
3 წუთის საკითხავი
clock 1144

ბელარუსის ამჟამინდელი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია დღეს, 23 სექტემბერს, სასწრაფო წესით გაიმართა. მას ოპოზიცია, ისევე, როგორც დასავლური ქვეყნების უმეტესობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

ლუკაშენკოს ნაჩქარევი, გაუხმაურებელი ინაუგურაციის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის დედაქალაქში დღეს გავრცელდა. ავტომობილების კოლონამ მინსკის ქუჩებში ოფიციალური დაანონსების გარეშე ჩაიარა. 

ოპოზიციონერმა პაველ ლატუშკომ ცერემონიას "ქურდების საიდუმლო შეხვედრა უწოდა". 

"სად არიან მოზეიმე მოქალაქეები, სად არის დიპლომატიური კორპუსი?" - დაწერა ლატუშკომ სოციალურ ქსელში, - "ცხადზე ცხადია, რომ ლუკაშენკო არა ბელარუსი ხალხის, არამედ "ომონის" (ძალოვანი სტრუქტურა) და რამდენიმე მატყუარა ხელისუფლის პრეზიდენტია". 

ლატუშკომ ბელარუსის მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 

ინაუგურაციაზე ლუკაშენკომ, რომელიც უკვე 26 წელია ხელისუფლებაშია, პრეზიდენტის ფიცი მეექვსედ დადო. 

"ვფიცავ, რომ ერთგულებით ვემსახურები ბელარუს ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ისევე როგორც ბელარუსის კონსტიტუციას", - წარმოთქვა პრეზიდენტმა, რომელიც არალეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგად მეექვსედ მოვიდა ხელისუფლებაში და რომლის გადადგომასაც უკვე 1 თვეზე მეტია ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ითხოვენ. 

თავად ლუკაშენკოს ხელისუფლება დემონსტრანტებთან გამკლავებას ძალადობრივი რეპრესიების გზით ცდილობს. ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე 12 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, 200-მდე დაშავებული, სულ მცირე, 4 კი - დარბევის დროს ან შედეგად გარდაცვლილი. 

ლუკაშენკოს საპროტესტო ტალღასთან და საერთაშორისო საზოგადოების წნეხთან გამკლავებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უმაგრებს ზურგს. გასულ კვირას გამართულ სამიტზე პუტინმა ლუკაშენკოს ხელისუფლებას $1,5 მილიარდიანი დახმარება გამოუყო. ბელარუსის ტერიტორიაზე კი რუსული  და ბელარუსული სამხედრო ძალები "სლავური ძმობის" პროექტის ფარგლებში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. 

ამასობაში, ბელარუსის ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას. ევროკავშირში ამ დრომდე განიხილება კონკრეტული ბელარუსელი  მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი.

ევროკავშირის ერთობლივ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები "თავისუფალი და სამართლიანი არ იყო", თავად ალექსანდე ლუკაშენკო კი ევროკავშირმა არალეგიტიმურ პრეზიდენტად ცნო. 


close დახურვა