logo
ENG



ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

14 ივნ 202308:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/3fz48v51zx709fo.jpg

13 ივნისს ლუქსემბურგის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

ლუქსემბურგის პარლამენტის მიერ უკრაინაში 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ რეზოლუციის ტექსტი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლუექსემბურგის დეპუტატთა პალატის რეზოლუციას ტვიტერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პატივს მიაგებს მილიონობით ადამიანის ხსოვნას.

"მივესალმები ლუქსემბურგის დეპუტატების პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას, სტალინის 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარონ. ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდად საერთაშორისოდ აღიარება გრძელდება" - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა.

2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ჰოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა. ჰოლოდომორი ზოგადი საბჭოთა მასობრივი შიმშილის (1931-34) ნაწილი იყო. უკრაინაში შიმშილი ბევრად მომაკვდინებელი იყო, რისი მიზეზიც პოლიტიკური განკარგულებები და გადაწყვეტილებები გახდა, რომლებიც უკრაინას მიემართებოდა. შიმშილის მასშტაბების აღიარების მიზნით 1932-33 წლებში შიმშილს უკრაინაში ჰოლოდომორს უწოდებენ - ტერმინი ორი უკრაინული სიტყვის ნაერთია: შიმშილი (ჰოლოდ) და განადგურება (მორ).

მასშტაბური შიმშილი 1929 წელს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგი იყო. კოლექტივიზაციამ წარმოების ვარდნა, სოფლის მეურნეობის დეზორგანიზაცია და საკვების დეფიციტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა გლეხების აჯანყება, მათ შორის შეიარაღებული აჯანყებები უკრაინის ზოგიერთ ნაწილში.


close დახურვა