მადლობის წერილი ვაჟა ექიმს - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა სპეციალური ყუთი მოამზადეს, სადაც წერილის დატოვების შესაძლებლობა ყველა მოქალაქეს ჰქონდა. შეგროვებული ბარათები ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს გადაეცა და მათ ექიმი მოგვიანებით გაეცნობა.
„სრულიად სპონტანურად არის დაგეგმილი აქცია. სხვა ფორმატში იყო დაგეგმილი, მაგრამ გუშინ მამას გათავისუფლების შემდეგ ფორმატი შეეცვალა ამ აქციას. გიორგი კეკელიძის ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ექიმის შვილმა ირინა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით უკანონოდ დაკავებულ ექიმს დე-ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 28 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლა.