გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ. მომხდარის დეტალები ისევ დაუდგენელია. საგამოძიებო უწყებაში მესამე დღეა იმ პირთა დაკითხვები მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ იმ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც 19 წლის ფეხბურთელიც იყო.
შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ადასტურებს ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელკეტების არსებობის შესახებ, თუმცა ამბობს რომ მისთვის უცნობია, მიაყენეს თუ არა ხელკეტებით უშუალოდ შაქარაშვილს დაზიანებები. ასევე, უცნობია ნაპოვნია თუ არა საქმეში არსებული ხელკეტები გამოძიების მიერ.
"ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, მცხეთის პოლიციაში ელოდებიან ერთ პირს, რომელიც გარდაცვლილ ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდა.
იმ სპორტსმენების ადვოკატებმა, ვინც ტრაგედიის ღამეს, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ პირზე ფიზიკურად იძალადეს, პრენკონფერენცია გამართეს. ალექსანდრე კობაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სპორტსმენების მიერ ხელკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც კობაიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მიდიოდნენ, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ, ვითარება უკვე დასტაბილურებული დახვდათ, რის შემდეგაც, ადვოკატის მტკიცებით, სპორტსმენებმა თბილისში დაბრუნება და გზად გურამ ამირხანაშვილის წამოყვანა გადაწყვიტეს.
„გამოდის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც ჩნდებიან საქმეში და გადაადგილდებიან ავტომობილით, გიორგი ადგილზე აღარ იმყოფებოდა. ის ვერსია, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა გიორგი ნახეს, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით - ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებული არავინაა.