მაია ცქიტიშვილი მინისტრთა ახალ კაბინეტში ინფრასტრუქტურის მინისტრი აღარ იქნება - განცხადება ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.
ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილს პოსტზე მისივე მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, ჩაანაცვლებს.
„გულწრფელად ვთხოვე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ცხოვრების საინტერესო ცხრაწლიანი პერიოდი დავასრულო. ბატონი ირაკლი ქარსელაძე არის ჩემი მოადგილე და ძალიან მიხარია, რომ სხვა მოადგილეებიც გააგრძელებენ ყველა იმ საქმეს, რაც ერთად წამოვიწყეთ. ჩემთვის მისასალმებელია, რომ დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. მგონია, რომ ბევრი რამე, სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე - მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ვიყავი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიას და ვისარგებლო ფუფუნებით, რომ აღარ ვიყო თქვენი რესპონდენტი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილი 2018 წლის 30 მარტიდან იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, 2018 წლის 16 ივლისიდან კი ვიცეპრემიერიც.