logo
ENG



მაიორი დვალიშვილი: სუს ჩემს მცირეწლოვან შვილებს უთვალთვალებს

26 იან 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ. როგორც ის ირწმუნება, თვალთვალის ობიექტები არიან, ასევე, მისი მცირეწლოვანი შვილებიც. გიორგი დვალიშვილი მიმართავს სუს-ს, შეწყვიტონ უკანონო მიყურადება.

"ვიდეოს გასაჯაროების პირველივე დღიდან ადგილი ჰქონდა თვალთვალს. მზად ვარ, მათ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, მაგრამ თვალთვალი ოჯახზე ყოველგვარ საზღვარს სცდება. ბავშვები არიან ზეწოლის ქვეშ. მოვწოდებ მათ, ბავშვები არაფერ შუაში არიან და შეწყვიტონ თვალთვალი".

გიორგი დვალიშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების ბრალდებას, თუ აქამდე რატომ არ გაასაჯაროვა სკანდალური კადრები. მისი თქმით, ის მთელი 2019 წლის განმავლობაში სისტემატურად მიმართავდა პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა მაღალჩინოსანს, მაგრამ ამ საქმით არავინ დაინტერესებულა. 

დვალიშვილის საქმეზე დღეს ბრიფინგი გამართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, მას გუშინ გვიან ღამით "ფეისბუკზე" მისწერა დვალიშვილის მცირეწლოვანმა შვილმა და დახმარება სთხოვა. 

ხატია დეკანოიძე ამბობს: მე დავუკავშირდი გიორგი დვალიშვილს, მივეედი მასთან სახლში და რომ გამოვედი, პირდაპირ სადარბაზოში დაგვხვდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც გაიქცა და სახელმწიფო ნომრიან "ქამრიში" ჩაჯდა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.

აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.

 

 


close დახურვა