logo
ENG



მაკრონი, შოლცი, ტუსკი ოცნებას არჩევნებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ

07 ნოე 202411:13
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ერთობლივ განცხადებაში ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ასევე არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით", - წერია განცხადებაში. 

როგორც ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ამ ამოცანის შესასრულებლად.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შორდება ევროპულ გზას და დაჟინებით მოითხოვდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას.

სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში არ ვიქნებით", - წერია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.


close დახურვა