საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიას ატარებს, რათა პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების საბოტაჟი მოაწყოს.
პარიზში საცურაო აუზის გახსნის დროს მაკრონს ჰკითხეს, სურს თუ არა რუსეთს, ხელი შეუშალოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, რაზეც მან უპასუხა: "ეჭვგარეშეა, მათ შორის ინფორმაციულ სივრცეში".
"ყოველდღიურად რუსეთი ავრცელებს ისტორიას იმის შესახებ, რომ ჩვენ ესა თუ ის არ შეგვიძლია, რომ თამაშები საფრთხის ქვეშ იქნება", - განაცხადა მაკრონმა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის ზაფხულს ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები დაუშვა, მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობა მოუწევთ. გამარჯვების შემთხვევაში კი რუსული ჰიმნი არ გაჟღერდება. გარდა ამისა, რუს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ომის მხარდაჭერით გამოსვლა ეკრძალებათ. ეს შეზღუდვები ბელარუსებსაც ეხებათ.
აქამდე რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ, შეზღუდვა კი ძალაში რჩება გუნდებისთვის, რომლებიც ოფიციალურად წარმოადგენენ რუსეთსა და ბელარუსს.
საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა პროპაგანდა გააძლიერა, დეზინფორმაციისა და ჭორების გასავრცელებლად სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების გამოყენებით.