საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და განუცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარებით. მან ასევე თქვა, რომ პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა მისიის ზაპოროჟიეს სადგურში გაგზავნას.
მაკრონის ოფისი იუწყება, რომ პრეზიდენტები მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ინჟინრის განცხადებით, თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება".
როგორც ინჟინერმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ენერგობლოკს ელექტროენერგია სჭირდება, რათა სატუმბებმა იმუშაონ და რეაქტორში ბირთვული საწვავი გააგრილონ.
ინჟინერი ამბობს, რომ თუ ოკუპანტები თავდასხმით მოქმედებებს გააგრძელებენ, ელექტროსადგური შესაძლოა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩეს. მისივე თქმით, "ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მინიმუმ ერთა ენერგობლოკმა მაინც უნდა იმუშაოს".