საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ "მისი სურვილია" დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული ბლოკირება, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულების აღმოჩენის შემდეგ.
ორშაბათს, ფრანგულ მაუწყებელ France Inter-ზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ ბუჩაში არის "აშკარა ნიშნები" ომის დანაშაულებისა და "რომ დანაშაულებზე რუსეთის არმია არის პასუხისმგებელი".
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი [რუსული სამხედრო ძალების ] ქმედებები უყურადღებოდ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს სანქციები, რომლებიც შეაჩერებენ იმას, რაც იქ [ბუჩაში] მოხდა და რაც ხდება მარიუპოლში."- თქვა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში ევროპელ პარტნიორებთან ექნება დისკუსიები შემდგომი სანქციების შესახებ.
"ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს მათზე. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე."- თქვა მაკრონმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას ბუჩაში მომხდარი მოვლენების გამოძიებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.
უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.