კომპანია მაკშაურმაში ბათუმის ფილიალში რუსულ ენაზე დაბეჭდილი ქვითრის ფოტოს გამოეხმაურნენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ მაკშაურმას ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება ქართულად.
კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საუბარია თვითმომსახურების ჯიხურზე, სადაც მომხმარებელმა შეკვეთის დროს რუსული ენა აირჩია და საინფორმაციო ფურცელი შესაბამის ენაზე ამოიბეჭდა. მათივე თქმით, თვითმომსახურების ჯიხურებიდან რუსული ენა ამოიღეს.
"იმის მიხედვით, თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს, ჯიხური შესაბამის ენაზე უბეჭდავს შეკვეთის საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელმა შეკვეთის ენად აირჩია ერთ-ერთი - რუსული, შესაბამისად ფოტოზე ნაჩვენები საინფორმაციო ფურცელი ამოიბეჭდა ამ ენაზე. დავაზუსტებთ, რომ ქართულ ენაზე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, საინფორმაციო ფურცელი იბეჭდება ქართულ, ხოლო ინგლისურად შეკვეთის შემთხვევაში - ინგლისურ ენაზე. თვითმომსახურების აპარატებში რამდენიმე ენის ჩაშენების მიზანი იყო მიგვეცა საშუალება ჩვენი მომხმარებლებისთვის, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ შეკვეთა სხვადასხვა ენაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ქართული ენა მომსახურების ერთადერთი ენაა, ნებისმიერი ჩეკი კი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე.
"მაკშაურმა არის ქართული, ეროვნული პროდუქტი და ის ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას. ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილმა საინფორმაციო ფურცელმა საზოგადოებას გაუჩინა ნეგატიური დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ, ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოვიღეთ რუსული ენა. ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას", - ნათქვამია განცხადებაში.