პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ზრდას პროგნოზირებენ ოპოზიციაში. კონგრესმენ ოლსენის გამოსვლის შემდეგ მმართველი პარტიის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ წერილები თანდათან სანქციებში გადაიზრდება.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი და მიიღოს პროპორციული არჩევნები - წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიტიკა მხოლოდ გაიზრდება.
„უნდა ესმოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ წერილებზე რეაქციის დაგვიანება და მით უმეტეს განცხადებები იმის შესახებ, რომ კონგრესმენების ცნობიერება უნდა აამაღლონ - ამაზე პარტნიორების რეაქცია იქნება კიდევ უფრო მწვავე. ამიტომ "ოცნება" უნდა გადაეწყოს იმ ქმედებებზე, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი და რასაც ელიან დასავლელი პარტნიორები - დანიშნოს პროპორციული არჩევნები", - ამბობს სერგი კაპანაძე.
კრიტიკის ზრდას პროგნოზირებს ხატია დეკანოიძეც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მან ისაუბრა პარტნიორებთან და ისინი შეშფოთებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით.
„რიცხვი კონგრესმენების და სენატორების, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ყველა მოქალაქე დასაცავია, რა თქმა უნდა, გაიზრდება. გუშინ მქონდა კონტაქტი ამერიკელ მეგობრებთან და კონგრესი და სენატი შეშფოთებულია და არ არის ბედნიერი მიმდინარე მოვლენებით", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
„ლელოში“ კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ თვითნებურად ცვლის ქართველი ხალხის არჩევანს - დასავლურ კურსს. ამიტომაც, ანა ნაცვლიშვილის აზრით, კრიტიკის ეს ტალღა უკვალოდ არ ჩაივლის.
„როცა ამ მასშტაბის კრიტიკა მოდის ხელისუფლებისადმი და ეფუძნება ქვეყნის პრობლემებს, მალე იქნება სანქციები და არა წერილები. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ოცნება" საჯარო პოზიციონერებისას თავს იკატუნებს, რომ არის ინფორმირების პრობლემა, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს კრიტიკა უკვალოდ ვერ ჩაივლის. ქვეყანას, რომელიც 30 წელია აშენებს დემოკრატიას, ბევრი რამ აღარ ეპატიება. ეს ხელისუფლება ცვლის საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს - დასავლურ კურსს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მმართველ პარტიაში ჯერ ჯერობით კონგრესმენის კრიტიკაზე განმარტებას არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად შეერთებული შტატების კიდევ ერთ კონგრესმენმა გააკრიტიკა. წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოში უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. პუტინის მარიონეტი - სწორედ ასე მოიხსენია კონგრესმენმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. კონგრესმენმა ოლსენმა ივანიშვილი პოპულარული ამერიკული შოუს, "სეზამის ქუჩის" პერსონაჟს შეადარა, რომელიც საკუთარ სახლს ნაგვით ავსებს.