უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ჯარების ჩანაცვლება და გადაჯგუფება მიმდინარეობს.
"ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტთა შეტევითი აქტივობა შემცირდა. ეს იმის გამო ხდება, რომ რუსული ჯარების ჩანაცვლება და გადაჯგუფება მიმდინარეობს.
აღმოსავლეთით, ამ დროისთვის, მტერი ვერ ახერხებს ტერიტორიის სიღრმეში შეღწევას. ჩვენი მამაცი მეომრები [რუსული ძალების] შეტევით ოპერაციებს აჩერებენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, ბახმუტიდან ვაგნერელების გაყვანა დაიწყო, რათა პოზიციებზე კონტროლი რუსული არმიის რეგულარულ ჯარებს გადასცეს.