პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არაა. მისივე განცხადებით, სოციალურ ქსელებში ტრაგედიით სპეკულაცია მიმდინარეობს.
მდინარაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას თუ რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს.
„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არაა. სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ გააკეთებენ განცხადებას თუ რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო ხოლმე დამატებით დახმარებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი.