ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს ლელო ჩრდილოვან კაბინეტს დაასახელებს. როგორც ხაზარაძე ამბობს, მინისტრობის კანდიდატები მხოლოდ ლელოს გუნდიდან არ იქნებიან.
"ჩრდილოვან კაბინეტში იქნებიან ლელოს მიერ წარდგენილი მინისტრების კანდიდატურები, არა მარტო ჩვენი გუნდიდან, სხვა პარტიებიდან, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ჩვენი მოქმედება ეფუძნება ერთ რამეს - რაც კარგია ქვეყნისთვის იმას გავაკეთებთ აუცილებლად". -ამბობს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე მეორე ტური იქნება, პარტია ქართული ოცნების "ჩამოშორების ფორმულით" იხელმძღვანელებს.
"ჩვენი ამოცანაა, ქართული ოცნება გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, შესაბამისად ნომერ პირველი ამოცანაა, რომ პირველივე ტურში დავამარცხოთ ისინი, თუ მეორე ტურში მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ შერჩევითად ვნახავთ ჩვენს პოზიციას, მაგრამ აქაც ვიხელმძღვანელებთ ქართული ოცნების ჩამოშორების ფორმულით". - თქვა მან.
რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ.
30 პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარების ნაწილში საერთო კანდიდატურებზე მსჯელობდა, თუმცა მოგვიანებით ლელომ კოორდინაციაზე უარი თქვა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ყველა ოლქში დამოუკიდებლად დააყენა.